„ნოვაია გაზეტა“ 2017 წელს იაროსლავის კოლონიაში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის წამების ვიდეოს ავრცელებს
„ნოვაია გაზეტა“ 2017 წელს იაროსლავის კოლონიაში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის წამების ვიდეოს ავრცელებს

„ნოვაია გაზეტა“ 2017 წელს იაროსლავის კოლონიაში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის წამების ვიდეოს ავრცელებს.

რუსული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეც ჩანს.

საქმე ეხება 2017 წელს კოლონიის თანამშრომლების მიერ პატიმრების წამების ვიდეოს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეც იყო. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის სრული ჩხრეკა მოითხოვეს. ამასთან, ჟურნალისტების ცნობით, ამ პროცედურას რეგლამენტის დარღვევით ქალები ატარებდნენ.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, კოლონიის თანამშრომლებმა ქართველი პატიმარი ხელკეტებით სცემეს, რის შედეგადაც მას სისხლდენა დაეწყო და ერთ თვეში ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, 2017 წელს მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ჟურნალისტების ცნობით, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი ახლობლებს გადასცეს, მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ იაროსლავის კოლონიაში წამების ფაქტების ამსახველი რამდენიმე ვიდეო ფონდ „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ადვოკატმა, ირინა ბირიუკოვამ მოიპოვა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა. მის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ კოლონიის ათასობით თანამშრომელი პატიმრებს სასტიკად უსწორდება და სცემს.