ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია
ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია. არჩევნები ფარული კენჭისყრით, ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით ჩატარდა. გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით ნოტარიუსმა დავით იმნაძემ გაიმარჯვა.
თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა ნოტარიუსებსა და მოწვეულ სტუმრებს სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარების და ახალი ინიციატივების შესახებ საკუთარი სამოქმედო პროგრამები წარუდგინეს.
საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ნოტარიუსის მნიშვნელოვან როლს სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. მან ყურადღება გაამახვილა პალატის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპულ სანოტარო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა.
პაატა სალიამ ეკატერინე ნანდოშვილს სანოტარო სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ნოტარიუსებს სიტყვით მიმართა, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, რომელმაც 2023-2026 წლებში ნოტარიატის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები: განახლდა ნოტარიუსთა პალატის წესდება, ცვლილებები შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში, ჩამოყალიბდა პალატის ახალი სტრუქტურა და შეიქმნა ახალი ელექტრონული სანოტარო რეესტრი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ მისასალმებელ სიტყვაში ნოტარიატის განვითარების, სანოტარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საერთო კრებას სამინისტროს წარმომადგენლები, ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.