ნორვეგიის საგარეო უწყება – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დავიწყებული
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დავიწყებული, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება.
ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დავიწყებული. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო უწყების მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, 11 წელია, რუსეთის ჯარები საქართველოს მიწაზე იმყოფებიან და კონფლიქტი მოგვარებული ჯერ კიდევ არ არის. ნორვეგიის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.
„შეთანხმების მიხედვით, რუსეთს ჯარები უნდა გაეყვანა, თუმცა რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო კომპონენტი უფრო გააფართოვა, აღიარა ეს ორი რეგიონი და გააფორმა „შეთანხმებები“ საქართველოს ამ ორ ტერიტორიასთან, ახდენს რუსეთის მმართველობით სტრუქტურაში მათ ინტეგრაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნორვეგიის ხელისუფლება ხაზს უსვამს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და განსაკუთრებით ქართველების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ჰუმანიტარული მექანიზმები რეგიონებში დაუბრკოლებლად უნდა ფუნქციონირებდეს.
ნორვეგიის მთავრობა საქართველოს ღირებულ პარტნიორს უწოდებს და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე საქართველოს რეფორმების მხარდაჭერის სურვილს გამოთქვამს.
De okkuperte områdene i #Georgia må ikke bli glemt. Vår støtte til Georgias suverenitet og territorielle integritet ligger fast. https://t.co/JlZ17VBr46
— Utenriksdepartement (@Utenriksdept) 7 August 2019