ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ლიდერების გადასაწყვეტია
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ლიდერების გადასაწყვეტია

12 წელის გავიდა საქართველოში ომიდან, რუსეთის ჯარები კვლავ საქართველოს მიწაზე არიან და კონფლიქტი გადაუჭრელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინე მარი ერიკსენ სორეიდე აცხადებს.

მინისტრის განცხადება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს ძალადობა დაიწყო საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ძალებმა ინტერვენცია მოახდინეს სეპარატისტების მხარეზე და დაიკავეს რეგიონი, მათ შორის სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული იყო 12 აგვისტოს, რაც ასევე მოიცავს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას ოკუპირებული რეგიონებიდან – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთიდან.

ამის ნაცვლად, რუსეთმა თანდათანობით გააფართოვა და განამტკიცა სამხედრო წარმომადგენლობა ორივე რეგიონში, აღიარა ორივე მათგანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რაც ამ რეგიონების რუსეთის მმართველ სტრუქტურებში უფრო მეტ ინტეგრაციას ახდენს.

ადმინისტაციული სასაზღვრო ხაზი ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განუწყვეტლივ ფართოვდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და უფრო კონსოლიდირებული ხდება, რასაც თან მოსდევს სხვადასხვა სახის შედეგები ამ რაიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გრძელდება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროსაც და ამას თან ახლავს შეთქმულების თეორიების გავრცელების მცდელობა, რაც ძირს უთხრის კორონავირუსთან ბრძოლის ძალისხმევას. საერთაშორისო ჰუმანიტარულ აქტორებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ დაუბრკოლებელი წვდომა ამ ორ რეგიონში“, – განაცხადა ერიკსენ სორეიდემ.

მისივე განცხადებით, 2003 წლიდან საქართველომ რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. 2014 წელს ქვეყანამ გააფორმა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და რეფორმების გაგრძელების ვალდებულება იკისრა.

როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, საქართველო ასევე აქტიურად მუშაობს ნატო-სთან პარტნიორობის შემდგომ განვითარებაზე, რის საბოლოო მიზანიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა.

„ნორვეგია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ლიდერების გადასაწყვეტია. ე.წ. გავლენის სფეროების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის“ – აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მისივე თქმით, ნორვეგიამ საქართველოს საელჩო გასულ წელს გახსნა, რასაც წინ უძღოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების დიდი ხნის ძალისხმევა.

„საქართველოს არის ნორვეგიის მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი და ჩვენ ვიმუშავებთ ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე. ნორვეგია განაგრძობს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული საქართველოს შექმნა ნორვეგიის და მთლიანად ევროპის ინტერესებშია“, – აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.