ნორვეგიის პრემიერი - ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცეა, გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია
ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცეა. გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია და ნორვეგია სრულად უჭერს მხარს დანიის სამეფოს ამ საკითხში, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ განაცხადა.
ნორვეგიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ოსლო ასევე მხარს უჭერს არქტიკაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სამუშაოს პასუხისმგებლიან გაძლიერებას.
სტორემ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან წერილის მიღება. იონას გაჰრ სტორეს განცხადებით, ნორვეგია მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის შორეულ ჩრდილოეთში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანიას არ შეუძლია გრენლანდიის დაცვა რუსეთისა და ჩინეთისგან და მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, ვიდრე აშშ-ს სრული კონტროლი არ ექნება გრენლანდიაზე.