ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა არაერთი განცხადება, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ კლიმატის ცვლილება არ ხდება
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება.
ნორვეგიის პრემიერის განცხადებით, ტრამპს რამდენიმე საკითხში „კატეგორიულად არ ეთანხმება“.
„მან გააკეთა არაერთი განცხადება, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ კლიმატის ცვლილება არ ხდება და რომ ისინი, ვინც გლობალური დათბობის შეზღუდვას ცდილობენ, ცუდი ადამიანები არიან. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ეს არასწორია“, – აღნიშნა იონას გარ სტიორემ NRK-სთან ინტერვიუში.
ამასთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა არასწორი უწოდა გაერო-ს მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკას.
„გაერო არის ის, რასაც ქვეყნები ქმნიან და ის დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც კონფლიქტების, ასევე ადამიანურ განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად, ქვეყნები თუ გაერთიანდებიან და ამისთვის იმუშავებენ. ტრამპი აცხადებს, რომ ამას პრიორიტეტად არ მიიჩნევს“, – აღნიშნავს სტიორე.