ნორვეგიის მთავრობა ქვეყნის პარლამენტზე 24 აგვისტოს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს
ნორვეგიის მთავრობა ქვეყნის პარლამენტზე 24 აგვისტოს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს

ნორვეგიის მთავრობა ქვეყნის პარლამენტზე 24 აგვისტოს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს.

„მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნორვეგიის ხელისუფლება კიბერთავდასხმას სერიოზულ ინციდენტად აფასებს, რომლის სამიზნესაც ნორვეგიის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტი წარმოადგენდა.

„ციფრული გადაწყვეტილებების მზარდი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენს წინაშე არსებულმა საფრთხეებმა ასევე ციფრულ არენაზე გადაინაცვლა“, -აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც ნორვეგიის პარლამენტის IT-განყოფილების ხელმძღვანელმა, ამრიანა ანდრეასენმა განაცხადა, კიბერთავდასხმა ელექტრონული ფოსტის შიდა სისტემას შეეხო.

არსებული ინფორმაციით, შედეგად, ჰაკერებისთვის პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის ელექტრონული ფოსტიდან მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი.

თავის მხრივ, ოსლოში რუსეთის საელჩო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პროვოკაციას უწოდებს და ოფიციალური ოსლოსგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

„არანაირი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის წაყენებული მსგავსი ბრალდებები. მომხდარს ვაფასებთ, როგორც სერიოზულ განზრახულ პროვოკაციას, რომელიც დამღუპველია ორმაგი ურთიერთობებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.