ნორვეგიის ელჩი - ვაგრძელებთ შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან გვჯერა, საქართველოში მულტიპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
ნორვეგიის ელჩი - ვაგრძელებთ შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან გვჯერა, საქართველოში მულტიპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩები „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს შეხვდნენ.

ნორვეგიის ელჩის, ჰელენა სანდ ანდრესენის განცხადებით, აგრძელებენ შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან საქართველოში მულტიპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნორდიკულ-ბალტიური ჯგუფის სახელით ვიტყვი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მულტიპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერა, რათა არსებობდეს სხვადასხვა შეხედულება. გვქონდა ძალიან საინტერესო და სასარგებლო დისკუსიები“, – აღნიშნა ნორვეგიის ელჩმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„გაიმართა ძალიან საჭირო და საინტერესო საუბარი ევროკავშირის ხუთი თვალსაჩინო ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი, ნორვეგია. განვიხილეთ მთლიანად ქვეყანაში არსებული ვითარება და გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის გარშემო. ჩვენგან ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ მან ვერ მოასწროს ლავირება და ამ რთული ხაფანგიდან თავის დაძვრენა. ამაში ისტორიული როლი შეასრულა ევროპულმა პარლამენტმა, როდესაც პერსონალურად ჩაწერა ოლიგარქის დასანქცირების აუცილებლობა, რაზედაც მე უდიდესი მადლობა გადავუხადე ელჩებს. ასევე, ხაზი გაესვა, ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული ბერკეტების დროულად ამოქმედებას, კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა ცხრა წევრის დასანქცირებას, რომლებიც წარმოადგენენ პრაქტიკულად გესტაპოს, პოლიტიკურ პოლიციას და რომლებმაც დღემდე არ მოახდინეს აკრძალული „ლეიბორისტული პარტიის“ აღდგენა თავის უფლებებში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.