ნორვეგიელმა მცველმა ნაკრების მწვრთნელი გააკრიტიკა - ქართველებთან ქულაზე მეტს არ ვიმსახურებდით #1TVSPORT
ნორვეგიელმა მცველმა ნაკრების მწვრთნელი გააკრიტიკა - ქართველებთან ქულაზე მეტს არ ვიმსახურებდით #1TVSPORT

ნორვეგიულ ტელეკომპანია TV2-თან ინტერვიუში ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ვეტერანმა, შტეფან სტრანდბერგმა საქართველოსთან მატჩის (1:1) შემდეგ მთავარი მწვრთნელი, სტალე სოლბაკენი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, ნორვეგიელების თავკაცმა ბათუმში გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან მეტი მომენტი მისმა გუნდმა შექმნა და მოგებას იმსახურებდა.

„არ ვიცი სტატისტიკა, რამდენი საგოლე შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ, რაც ვიცი, იმას ვიტყვი – როდესაც ამდენ დიდ შანსს ვანიავებთ, მიზეზი არა უიღბლობა, არამედ არაკომპეტენტურობაა“.

„ცუდია, რომ კონკურენტებს ჩამოვრჩით. ჩვენ წინ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც კლუბებში ბევრს იტანენ და საგოლე გადაცემებს ასრულებენ. ნაკრებში საქმე ასე არაა და ეს ძალიან სამწუხაროა. რატომ ხდება ეს? ამაზე არ უნდა მკითხოთ, არ ვიცი“, – განაცხადა სტრანდბერგმა TV 2-თან.

ერთ-ერთი, ვინც საქართველოსთან შესანიშნავი საგოლე შანსი გაანიავა, ფრედრიკ ორსნესია. ისიც თვლის, რომ ნორვეგიის ნაკრები მოგებას არ იმსახურებდა.

„კარის წინ საკმარისად კარგად არ ვითამაშეთ. მეც უკეთ შემეძლო დამერტყა. ეს არის ის, რაზეც სამუშაო გვაქვს, რადგან შედეგს გოლები განსაზღვრავს. 2:0 რომ დავწინაურებულიყავით, იოლად მოვიგებდით, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ისინი (ქართველები) კი რისკზე წავიდნენ, რადგან კარგი მოთამაშეები ჰყავთ და ინდივიდუალურად ფონს ადვილად გადიან. თამაშიდან მეტოქე ფეხბურთელების ბოლომდე გამოთიშვა ვერ მოვახერხეთ, გამოდის, ქულაზე მეტს არ ვიმსახურებდით“, – ამბობს ორსნესი.