ნორვეგიაში საქართველოს საელჩო თორნიკე ცორიკიშვილის დაკავების საკითხს იკვლევს
ნორვეგიაში საქართველოს საელჩო თორნიკე ცორიკიშვილის დაკავების საკითხს იკვლევს

ნორვეგიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქის თორნიკე ცორიკიშვილის დაკავების საკითხს იკვლევს.

ვოკალისტი სიდი – თორნიკე ცორიკიშვილი ნორვეგიაში, სახლში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ ინფორმაციას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ საელჩოს თორნიკე ცორიკიშვილთან კონტაქტი აქვს.

„საელჩო საქმის კურსშია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქვს კომუნიკაცია დაკავებულთან და იმოქმედებს შესაძლებლობების ფარგლებში“, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაკავებულის მეგობრები ამბობენ, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

„მას არც შენგენის ზონაში ყოფნის დროის ლიმიტი დაურღვევია და არც არაფერი მოუპარავს. ერთადერთი, რასაც ედავებიან არის ის, რომ ქუჩაში უკრავდა და ამით „ფულს აკეთებდა“.

საქართველოს საელჩო ნორვეგიაში უკვე ჩართულია ამ საქმეში და დიდ მადლობას ვუხდით მათ გაწეული დახმარებისთვის. ადვოკატიც ყავს სიდს აყვანილი, უპატრონოდ არ არის. უბრალოდ, ერთი პრობლემა ისაა, რომ ახლა არ ვიცით, როდის გამოუშვებენ და იმედია, ამის გამო საბუთებიც არ „გაუფუჭდება“ – მხოლოდ იმის გამო, რომ უკრავდა. დაკვრა დანაშაული არ არის“, – ამბობენ თორნიკე ცორიკიშვილის მეგობრები.