ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებს დავით ზალკალიანმა დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო
ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებს დავით ზალკალიანმა დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა საქართველო ნორვეგიის ურთიერთობაზე, მიესალმა ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სკანდინავიის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დავით ზალკალიანმა ოსლოში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეგმებზე, უკვე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს  დიასპორასთან დაკავშირებული ცალკეული ინიციატივები გააცნო და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და მათი ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით ერთიანი პორტალის იდეას, რომლის პრეზენტაციაც სამინისტროში ახლო მომავალში გაიმართება, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პლატფორმა საშუალებას მისცემს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფოსთან, ასევე ერთმანეთთან და მათთვის ხელმისაწვდომი გახდება როგორც ინფორმაცია, ასევე უშუალოდ ბევრი სახელმწიფო სერვისი და მთავრობის ცალკეული პროგრამები.

დიასპორის წარმომადგენლები  აღნიშნულ ინიციატივას მიესალმნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში, როგორც დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ნორვეგიელი ტურისტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოთი, რაც აისახა ნორვეგიულ პრესაშიც. ნორვეგიაში ცნობილმა ტურისტულმა ჟურნალმა Aftenposten Norway საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების სიის სამეულში შეიყვანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დახმარება აღუთქვა დიასპორის წარმომადგენლებს მათი ინიციატივების, პროექტებისა და იდეების რეალიზაციაში.