ნორვეგიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მილიონერი ტომ ჰაგენი დააკავეს
ნორვეგიის პოლიციამ ცოლის მკვლელობასა ან მკვლელობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი მილიონერი ტომ ჰაგენი დააკავა.
მილიონერის მეუღლე, ანე-ელისაბედ ფალკევიკ ჰაგენი 2018 წლის ოქტომბრიდან გატაცებულად ითვლებოდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდაპირველად სამართალდამცველები საქმეს გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებას უკავშირებდნენ, თუმცა 2019 წლის ზაფხულში საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. სწორედ ამ პერიოდში გამოძიების ფარგლებში მთავარი ეჭვმიტანილი გაუჩინარებულის მეუღლე ტომ ჰაგენი გახდა. სამართალდამცველები საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ.
გამოძიება მიიჩნევს, რომ ანე-ელისაბედ ფალკევიგ ჰაგენის გატაცება ინსცენირებული იყო მკვლელობის დაფარვის მიზნით.
70 წლის ტომ ჰაგენი ოსლოს მახლობლად, საკუთარ სახლთან, ადგილობრივი დროით დილის 08:30 საათზე დააკავეს, როდესაც მილიონერი საკუთარ ოფისში წასვლას აპირებდა. ის ეჭვმიტანილია ცოლის მკვლელობასა ან მკვლელობის ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ქალის ცხედარი ამ დრომდე არ არის აღმოჩენილი. ტომ ჰაგენი ნორვეგიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 164-ე ადგილზეა. მისი ქონება 180 მილიონ დოლარად არის შეფასებული.