ნორიოში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ნორიოში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს.

დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. დანაშაული შვიდიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი – 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე – მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.