ნოქალაქევის კომპლექსში ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის მეორე ეტაპი სრულდება
ნოქალაქევის კომპლექსში ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის მეორე ეტაპი სრულდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატო-ს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი სრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, კავკასიურ სივრცეში უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც უნიკალური ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერანი სამხედროების ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობას გულისხმობს, უკვე მეორე წელია ხორციელდება.

სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან, როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში.  არქეოლოგიური კვლევა-ძიების ერთთვიან პროცესში წელს ხუთი ქართველი ვეტერანი სამხედრო პირი ჩაერთო. ანალოგიური პროგრამა ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე გასულ წელსაც განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა. საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შესამსუბუქებლად, ნოქალაქევის ქართულ – ბრიტანულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ისინი ვიცე-პოლკოვნიკ და არქეოლოგ ჯაილს ვუდჰაუზისა და არქეოლოგიის დოქტორის პოლ ევერილის ორგანიზებით მოხვდნენ, რომლებიც თავის მხრივ, ნოქალქევის ექსპედიციის ხელმძღვანელებიც არიან.

ნატო-ს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა უახლოეს დღეებში ხვამლის მთის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებშიც აიღებს სტარტს. სამეცნიერო კვლევით პროცესში აგვისტოდან შვიდი ქართველი ვეტერანი 20 დღის განმავლობაში ჩაერთვება.

ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების პროცესი დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა, დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა, რომელმაც ექსპედიციის მონაწილენი სამეცნიერო ლიტერატურით დაასაჩუქრა.

ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, მიმდინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. ამ ტიპის თანამონაწილეობასთან ერთად, მემორანდუმი სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმ-ნაკრძალებსა და მუზეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც მოიცავს.