ნონა წოწორია – არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება, ცალსახაა, მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით
„რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, არ დავმალავ, იყო დიდი იმედგაცრუება, – ამის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ნონა წოწორია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება“.
„მძიმე დღის შემდეგ დადგა დრო გამოვეხმაურო „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელზეც ეჭვგარეშეა, რომ წარმოუდგენელი შრომა იქნებოდა გაწეული. არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეთა რიგს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსამართლეების, განსაკუთრებით მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს. ცალსახაა, რომ მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით.
იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძლებს თავისი უპირველესი მისიის – წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს – აღსრულებას.
ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება. ჩემი მხარდაჭერა ყველას თავისუფლების და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ნონა წოწორია.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.