ნონა მამულაშვილი ვახტანგ გომელაურს წერილით მიმართავს
ნონა მამულაშვილი ვახტანგ გომელაურს წერილით მიმართავს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად შემოდიან, ამის არანაირი კონტროლი არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანთა შორის სავარაუდოდ, შესაძლოა, დივერსანტები იყვნენ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო, რათა ამ სახის ადამიანების შემოსვლის პრევენცია მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს წერილით მიმართა.

ამასთან, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურისგან ითხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული სანქციების შესახებ.

„დღეს ჩვენ მივმართეთ წერილით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად შემოდიან. ამის არანაირი კონტროლი არ ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანთა შორის სავარაუდოდ, შესაძლოა, დივერსანტები იყვნენ. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ სახის ადამიანების შემოსვლის პრევენცია მოხდეს. ბატონ გომელაურს ვთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის შესახებაც, რომელიც ნათლად დაგვანახებს, რას აკეთებს სახელმწიფო 2013 წლიდან დღემდე, რამდენი ადამიანია გამოვლენილი 2013 წლიდან დღემდე და რა ღონისძიებებს ატარებდა სახელმწიფო, აპირებს თუ არა ამ ღონისძიებების გაგრძელებას. ანალოგიური რამ თავის დროზე უკრაინაში მოხდა. ასეთი ხალხი უკრაინაში ერთი წლით ადრე შევიდა და ახლა ამოქმედდნენ. ასეთი საშიშროება ელოდება საქართველოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რა სახის ღონისძიებებს ატარებს, როგორ აპირებს კონტროლს და საფრთხის პრევენციას“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

როგორც მამულაშვილმა განაცხადა, „საქართველოს მთავრობა წერს საქართველოს ისტორიის სამარცხვინო გვერდს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. ვხედავთ, რომ საქართველოს სახელი მოხსენიებულია ბელარუსიისა და რუსეთის გვერდით“.