ნონა მამულაშვილი - მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ
ნონა მამულაშვილი - მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ

მიმაჩნია, რომ პარტია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე პარტია გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„როცა განვაცხადე, რომ პარლამენტს ვტოვებდი, მაშინ სწორად მივიჩნევდი, რომ პარლამენტი ყველას უნდა დაეტოვებინა, რათა ამას ეფექტი ჰქონოდა და შედეგი გამოეღო. ვინაიდან, პარტიაში სხვადასხვა აზრი არსებობდა, მნიშვნელოვანი იყო, იმაზე ჩამოვყალიბებულიყავით, პარტია მთლიანად ტოვებდა პარლამენტს თუ ინდივიდუალურად დეპუტატები. პარტიის გადაწყვეტილება იყო, რომ პარლამენტს არ ვტოვებთ და ამას დავექვემდებარე. მე არ მიჩქარია, ანალოგიური პოზიცია მაქვს. მიმაჩნია, იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი დემარში განვახორციელოთ, მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს. თუ არ დატოვებს, მაშინ ეს პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი კრიტიკული აზრი ისმოდეს. ვფიქრობ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლას გადაწყვეტს, ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ჩართული. პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება. თუ დავბრუნდებით, სრულფასოვნად უნდა დავბრუნდეთ. ძალიან მალე, როცა პარტიაში შიდა სტრუქტურული გადალაგება დასრულდება, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი რაღაცას აფერხებს, ეს იყო პროტესტის ფორმა, რომელიც პარტიამ გარკვეულ ეტაპზე აირჩია.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე სხდომაზე არმონაწილეობას, ეს შეიძლება არ იყო ტაქტიკურად სწორად გათვლილი და უფრო მეტი აქტიურობა იყო საჭირო ჩვენი მხრიდან. ბოიკოტი იყო ტაქტიკური სვლა, შეიძლება არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოიკოტმაც თავისი შედეგი გამოიღო. ტაქტიკურად, შეიძლება, ყოველთვის არ იყო ბოიკოტი გამართლებული, მაგრამ ახლა, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, უფრო აქტიურად ჩავერთვებით საპარლამენტო ცხოვრებაში“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

დატოვე კომენტარი