ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს პირველ შუალედურ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან
„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე განხილვები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოში მხარეთა ჩართულობის გარეშე დაიწყო.
იურიდიულ ფირმა BLB-ში, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე. კომპანიის წარმომადგენელი, მაია მწარიაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მხარეებისთვის პირველი შუალედური გადაწყვეტილება ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გახდეს ცნობილი. მწარიაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ იქნება საბოლოო, თუმცა პასუხს გასცემს „ნეტფლიქსის“ მიერ სასამართლოში წარდგენილ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ფილმში „ლაზიერის გამბიტი“ ნონა გაფრინდაშვილის უფლებები არ დარღვეულა და მასთან დაკავშირებით ფილმში მოხსენიებული ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ამტკიცებენ, რომ დაირღვა ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებები, როდესაც სერიალში ითქვა, რომ ის რუსი მოჭადრაკეა და ასევე, რომ მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლის შუალედური გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში გახდება ცნობილი.
„პრაქტიკულად, ბევრი არაფერი შეცვლილა სამართლებრივი თვალსაზრისით. შეიცვალა მხოლოდ პროცედურა. გუშინ მთელი ჩვენი გუნდი ველოდებოდით ზეპირ მოსმენას და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჩაფრინდნენ კიდევაც ლოს ანჯელესში; უბრალოდ, განხილვის ფორმატი შეიცვალა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ ეტაპის გადაწყვეტილებას მიიღებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ჩვენ ხომ აქამდე გავიარეთ ეს მოსამზადებელი პერიოდი, მათი და ჩვენი მოსაზრებები მოისმინა მოსამართლემ. საბოლოოდ, მივიღეთ ბოლო ინფორმაცია, რომ მოსამართლე მხარეთა მოსმენის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ვარაუდით, გონივრულ ვადებში უნდა იყოს. პრაქტიკულად, ყოველდღე ველოდებით – ველოდებით დღეიდან ყოველდღე. პროცესი, როგორც უყურებთ, არ ჭიანურდება, ლიმიტირებულ ვადებში მიდის. ეს სექტემბერში შესული საჩივარია. ჩვენი ვარაუდით, ვინაიდან სასამართლოს ზეპირი მოსმენა არ დასჭირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეს კარგად იცნობს და გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული, ფორმირებული აქვს, რაც დიდ დროს აღარ წაიღებს. ამ დოკუმენტებისა და მხარეთა მოსაზრებების წარდგენის ეტაპი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დასრულდა.
ჩვენ ზეპირი მოსმენისთვის მზად ვიყავით, თუმცა, პროცესუალურად, ეს არაფერს ცვლის; უბრალოდ, გვაძლევს ნიშანს იმისა, რომ მოსამართლე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული უნდა იყოს. როგორც წესი, ზეპირ მოსმენას ნიშნავენ, როდესაც კიდევ რაღაც გარემოებების გარკვევა სურთ. ამ ეტაპზე, ასეთი ცარიელი ადგილები მოსამართლისთვის, როგორც ჩანს, არ არის დარჩენილი. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ წერილობითი არგუმენტები საკმარისია, რომ გადაწყვეტილება ჩვენს ინტერესებში იყოს მიღებული“, – განაცხადა კომპანია BLB-ის პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს და სადავო სცენის შესწორებას ითხოვენ.
ამასთან, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისიმაც“ დაწერა. მედიასაშუალების ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.