ნონა გაფრინდაშვილი - ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტად საფრანგეთს მივიჩნევ #1TVSPORT
ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ სტუმრობდა. ცნობილია, რომ ქალბატონი ნონა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და მან ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის შესახებ მაყურებელს საკუთარი აზრი გაუზიარა.
„არავის ვგულშემატკივრობ, ვგულშემატკივრობ ფეხბურთს, იმას, ვინც კარგად ითამაშებს და მოიგებს. ფავორიტად საფრანგეთი მიმაჩნია. ყველაზე დაბალანსებული გუნდია, ერთ ადგილზე ორი კანდიდატი ჰყავს. სპორტი კი იმით არის აინტერესო, რომ ფავორიტსაც შეიძლება ფეხი წაცდეს, თან, როცა ასეთი კონკურენტები გყავს – იტალია, ესპანეთი, ინგლისი გერმანია, ბელგია. ჩემი სიმპათია მაინც საფრანგეთისკენ იხრება, მაგრამ სპორტში სიურპრიზები ხშირია. რომელიმე იმ გუნდმა რომ გაიმარჯვოს, რომლებიც ჩამოვთვალე, სიურპრიზი არ იქნება. მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო. როცა პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა, ჯგუფიდან ისე გავიდა, თამაში არ მოუგია. ფინალში მათ მეტოქეს მეტი მომენტი ჰქონდა, პორტუგალიელებმა კი საკუთარი მომენტები გამოიყენეს და ჩემპიონები გახდნენ. რა თქმა უნდა, კარგი გუნდი იყო, მაგრამ იმ თამაშში რონალდოს ტრავმა აწუხებდა და მოედნიდან მალე გაიყვანეს.
მსოფლიო ჩემპიონატი რომ იყოს, უფრო ადვილად გეტყოდით ვის ვგულშემატკივრობ – არგენტინას. მესის გულშემატკივარი ვარ და მინდა, რომ ტიტული მოიგოს“.
ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა, როცა ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებდა და ამ დიდ ტურნირზე მოხვედრა ვერ შეძლო. „ვფიქრობ, რომ მაშინ მაყურებლის გარკვეული რაოდენობა მაინც უნდა დაეშვათ სტადიონზე. კვარაცხელია პანდემიის გამო გამოგვაკლდა, ჩაკვეტაძე – ტრავმის. ამ ორმა დიდი როლი შეასრულა გადამწყვეტ მომენტამდე რომ მივედით. გაუმართლებლობა არ არის? გახსოვთ შესარჩევში სომხეთთან რა პენალტი დადეს? არადა ვიგებდით. მაკედონიასთანაც იგივე განმეორდა. კოლექტიურ თამაშებში კი არა, ინდივიდუალურადაც ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რამ. ჭადრაკი ავიღოთ. არის შემთხვევები, რომ პარტიას იგებ, მაგრამ, ერთ უხეშ შეცდომას დაუშვებ და ერთ სვლაში მარცხდები. ამ დროს მოწინააღმდეგეს უმართლებს“.
შეგახსნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველა, 51 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.