ნონა გაფრინდაშვილი 78 წლის გახდა
ნონა გაფრინდაშვილი 78 წლის გახდა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 78 წლის გახდა. იგი 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა. ჭადრაკის თამაში გაფრინდაშვილმა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, პირველ წარმატებას კი 1956 წელს მიაღწია, როდესაც ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს, მან პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

1962 წელს, ნონა გაფრინდაშვილი 21 წლის ასაკში, პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ანალოგიურ წარმატებას მან კიდევ ოთხჯერ მიაღწია – 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში.

იგი გახლავთ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის გამარჯვებული (1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში).

გაფრინდაშვილი საქართველოს ოთხგზის და საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1964, 1974, 1981, 1983, 1985) ჩემპიონია. მის მიღწევებს შორის აღსანიშნია ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების მოგება (1969, 1972). გარდა ჩამოთვლილისა, კარიერის განმავლობაში მან 26 დიდ საჭადრაკო ტურნირზე გაიმარჯვა.

ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი (1983). 1989-1996 წლებში იკავებდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. აღიარებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალად.