ნომინაციაში „თავისუფალი სიტყვის დამცველი-2019“ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე დაჯილდოვდა 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ 2019 წლის ღონისძიებაზე ნომინაციაში – „თავისუფალი სიტყვის დამცველი-2019“ ჯილდო გადაეცა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტს, ბელა ზაქაიძეს. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულებისთვის დაჯილდოვდა.

სასტუმრო „გრანდ თბილისმა“ „ახალგაზრდა ადვოკატების” 2019 წლის შემაჯამებელ საქმიანობას უმასპინძლა, სადაც სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორები დაჯილდოვდნენ.  ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდა ერთი სასამართლო ინსტანცია, სამი საჯარო უწყება, ორი კერძო ინსტიტუცია, სამი მედიაგამოცემა და 11 ჟურნალისტი.

დაჯილდოვების ტრადიციას 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ აღინიშნება პროფესიული წრისა და ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2020 წელი საქმიანობაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადა.