64 წელიწადი და ზედიზედ 30-ე მატჩია უელსელები ახალი ზელანდიის დამარცხებას ვერ ახერხებენ. ამჯერად შეხვედრა კარდიფში, “პრისიფალითი სთედიუმზე” გაიმართა, სწორედ იქ სადაც ერთი კვირის წინ “დრაკონებმა” “ბორჯღალოსნები” 13:6 დაამარცხეს.
დაპირისპირების პირველ წუთებში მასპინძლები უტევდნენ და ლელოსთანაც იყვნენ ახლოს, თუმცა “კივები” ძელების წინ დაჯარიმდნენ და ლი ჰალფპენიმ გუნდს სამი გული მოუტანა.
ტაიმის დასრულებამდე უელსელთა ფულბეკმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, თუმცა ჯერ მე-17, ხოლო შემდეგ კი 37 წუთებზე ვაისაკი ნაჰოლომ გაილაღა და ორი ლელო დადო.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა ტაიმის ბოლო შეტევა. ბურთს უელსელები აკონტროლებდნენ და რამდენიმე ფაზის შემდეგ მეტოქის ხაზი გაჭრეს, რასაც კიდის ხაზთან სკოტ ვილიამსმა ლელო მოჰყვა. გარდასახვა არაზუსტი გამოდგა და “დრაკონებმა” პირველი ტაიმი მხოლოდ ერთი ქულით – 11:12 დათმეს.
მეორე ტაიმის პირველი ლელო “შავების” სათადარიგო ცენტრის, ანტონ ლენერტ-ბრაუნის ანგარიშზეა. ოთხიოდ წუთში შავების მეორე ფრთის, რეიკო აიონის ჯერი დადგა, რომელმაც ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობაში წელს დაიმკვიდრა ადგილი და უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
უელსელები გააქტიურდნენ და ანგარიშში სხვაობა გარდასახული ლელოთი რვა ქულამდე შეამცირეს (დევისი 68′), მაგრამ შეხვედრას წერტილი 73-ე წუთზე რეიკო აიონიმ დაუსვა, რომელმაც ნაჰოლოს მსგავსად დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. უელსი 18:33 ახალი ზელანდია.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
გერმანია 10:32 ჩილე
იტალია 6:35 სამხრეთ აფრიკა
ნამიბია 34:39 ურუგვაი
შოტლანდია 53:24 ავსტრალია
ინგლისი 48:14 სამოა
რუმინეთი 20:25 ტონგა
ფიჯი 57:17 კანადა
ირლანდია 28:19 არგენტინა