ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო
ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა.
განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განახლდა და რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი, ჩატარდა საგზაო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარი; გზის სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა „ჭკვიანი“ შუქნიშნები.
„დავასრულეთ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის დამაკავშირებელი კვანძის მოწყობა. ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობენ – არეგულირებენ გადაადგილებას, ითვლიან ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებენ დატვირთულ მიმართულებას. მიხარია, რომ ტერიტორია ყოველმხრივ მოწესრიგებულია, განათებული, გამწვანებული. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომლებსაც განახლება სჭირდებათ და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.
აღნიშნული კვანძის მოწყობით ქალაქის ერთ-ერთ დატვირთულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო ნაკადების ქაოტურად გადაადგილება მოწესრიგდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკს და კვანძს გამტარუნარიანს ხდის. ასევე, ქვეითებისთვის შეიქმნა უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
განხორციელებულ სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები გაეცნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
