ნოდარ ტურძელაძე - 2012 წელს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმრეთ ადამიანები, რომლებიც ჩანაწერებს ქმნიდნენ, სამწუხაროა, რომ ისინი ისევ ანალოგიური მეთოდებით არიან პოლიტიკურ სივრცეში
ნოდარ ტურძელაძე - 2012 წელს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმრეთ ადამიანები, რომლებიც ჩანაწერებს ქმნიდნენ, სამწუხაროა, რომ ისინი ისევ ანალოგიური მეთოდებით არიან პოლიტიკურ სივრცეში

მიუღებელია მიდგომა, რაც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ხდება, რომ ასე „უპრაგონოდ“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, როგორც სოციალური ქსელით, ასევე პირადად, უშვერი სიტყვებით ოჯახს შეურაცხყოფით მიმართოს,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა.

ტურძელაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ბერას არც უარყვია და არც დაუდასტურებია, უბრალოდ, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ეს მისი უფლებაა. მან ახსნა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს მას და კონკრეტულად მის ოჯახს და ამ საკითხის მოკვლევა მოხდა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა. საქართველოს მოქალაქეების უფიდესი ნაწილი ანალოგიურად ფიქრობს. როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, აუცილებლად ფიქრობ, რომ საკითხი იყოს მოკვლეული.

ამ საკითხში ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ საქმეს პრაქტიკულად დაზარალებული არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მიუღებელია ზოგადად მიდგომა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ხდება, რომ ასე „უპრაგონოდ“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, როგორც სოციალური ქსელით, ასევე პირადად, უშვერი სიტყვებით ოჯახს შეურაცხყოფით მიმართოს, იქნება ეს პოლიტიკოსი, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს ასეთი სიტყვებით ესაუბრებიან“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებას, ტურძელაძე აღნიშნავს, რომ  დარწმუნებულია, გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„დადგინდება, ჩანაწერები კონკრეტულად როდის არის გაკეთებული. ჩვენ 2012 წელს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმრეთ ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერებს ქმნიდნენ. სამწუხაროა, რომ ისინი დაახლოებით 9 წლის თავზე ისევ ანალოგიური მეთოდებით არიან პოლიტიკურ სივრცეში“, – დასძინა ნოდარ ტურძელაძემ.