ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურამ  „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში დაბარებას მის ამჟამინდელ საქმიანობას, ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობას უკავშირებს. მელაძე გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

„წინასწარ არ ვიცი, რა კითხვები ექნება ამ შემთხვევაში გამოძიებას ჩემთან, შევალ და გავარკვევ. სავარაუდოდ, როგორც ნათქვამია, ეს ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. მთელი პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი, რომლის მიზანიც არის, კრიტიკული მედიის, რომელიც არის ხელისუფლების გავლენებისაგან თავისუფალი, დაშინება, დისკომფორტის შექმნა ადამიანებისთვის, რომ შემდგომ ეს ადამიანები მორალურად გავტყდეთ და შეგვექმნას დისკომფორტი, რომ ამის შემდეგ ჩვენ ვთქვათ, რომ აღარ გვინდა იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. ბოდიში, მაგრამ ასე ვერ იქნება. ბევრი წლის წინ, როცა ავირჩიე ეს პროფესია, ავირჩიე იმ რისკებით და იმ სირთულეებით, რომელიც თან ახლავს, ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი და ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, არ შემეშინდება პროკურატურაში დაბარების, ვიღაცების ბულინგის, პოლიტიკოსების, რომლებიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს აბულინგებენ და ხან რას ეძახიან და ხან რას.

ამ ყველაფრით ჩანს მათი სახე, ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვართ მზად. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ყველა კრიტიკული ტელევიზიის წინააღმდეგ დაიწყეს რაღაც გარკვეული ე.წ. სამართლებრივი პროცედურები, კანონთან და სამართალთან ამას საერთო არაფერი არა აქვს. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია, რადგან არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს გაცნობიერებული, იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რაც უფრო მეტი ბრძოლა იქნება მათი მხრიდან, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ნოდარ მელაძის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლების დაბარება უკავშირდებოდეს ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმებას.

ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან ტელეკომპანია „მთავარის“, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.