ნოდარ მელაძე - პროკურატურას ფარულ აუდიო ჩანაწერს გადავცემთ, თუ მუხლი გადაკვალიფიცირდება და ძიება გაგრძელდება სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით
ნოდარ მელაძე - პროკურატურას ფარულ აუდიო ჩანაწერს გადავცემთ, თუ მუხლი გადაკვალიფიცირდება და ძიება გაგრძელდება სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით

პროკურატურას ფარულ აუდიო ჩანაწერს იმ შემთხვევაში გადავცემთ, თუ საგამოძიებო მუხლი გადაკვალიფიცირდება და ძიება გაგრძელდება სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გამომძიებლებმა მას მხოლოდ იმ წყაროს შესახებ დაუსვეს კითხვები, რომელმაც ტელეკომპანიას ფარული ჩანაწერი გადასცა.

„კანონის თანახმად, შემეძლო ჩვენება საერთოდ არ მიმეცა პროკურატურისთვის. მოვედი გამოკითხვაზე იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რა იყო პროკურატურის განზრახვა. პროკურატურის განზრახვა არის ერთადერთი, რომ გაარკვიონ ვინ არის წყარო. კითხვები ეხებოდა საიდან, როგორ, რა ფორმით, რომელ დღეს – მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო. მე პირდაპირ ვუთხარი პროკურატურას, როგორც კი დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე რომელიც ჩანაწერში იყო, მათ გადავცემთ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ჩვენთან, რედაქციაში და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვდნენ, რომ გადაგვეცა – ელექტრონული მატარებელი და კონვერტი. დაიწყონ გამოძიება ადეკვატური მუხლით, ამის პრაქტიკა ძალიან ხშირად გვახსოვს, როდესაც საჯარო სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებოდა ხოლმე გამოძიება და ჩვენ გადავცემთ ჩანაწერებს“, – განაცხადა მელაძემ.

ის გამოკითხვაზე ადვოკატთან, გიორგი მშვენიერაძესთან ერთად იმყოფებოდა. მშვენიერაძის განცხადებით, შეკითხვები ძირითადად მიმართული იყო წყაროს იდენტიფიცირებისკენ, რაზეც პასუხი არ გაეცა გამოძიებას.

„რაც შეეხება განჩინების საკითხს, გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციო სასამართლოში. ის კანონსაწინააღმდეგოა შინაარსის გამო და მეორე მხრივ, ის არ შეიცავს იმ რეკვიზიტებს, რომლის არსებობაც აუცილებელია აღსასრულებლად. კანონი ავალდებულებდა მოსამართლეს, ჩაეწერა განჩინებაში, ვისზეა ის გაცემული და საიდან უნდა მოხდეს ამოღების განხორციელება. ასეთი რამ განჩინებაში არ არის მითითებული და მას ვერც ნოდარ მელაძე და ვერც „ტვ პირველი“ ვერ აღასრულებენ”, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი