ნოდარ ლომინაძე ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT

17:20, 23.07.2026

ქუთაისის „ტორპედომ“ პორტუგალიური „ეშტორილიდან“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერი და ეროვნული გუნდის კანდიდატი ნოდარ ლომინაძე დაიმატა, – ამ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საფეხბურთო გვერდის ცნობით, ქუთაისის „ტორპედომ“ 24 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების პირობები შეათანხმა – ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. გარიგება ოფიციალურად 24 ივლისს, მას შემდეგ გაფორმდება, რაც ლომინაძე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. თბილისური გუნდის გარდა, მას უთამაშია წყალტუბოს „სამგურალსა“ და გორის „დილაში“, ხოლო 2025 წლის ზაფხულში პორტუგალიურ „ეშტორილში“ ჩაირიცხა, სადაც სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ქუთაისელთა ახალწვეულმა ორჯერ ითამაშა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე – 2023 წელს საქართველოში გამართულ ტურნირზე, ხოლო 2025 წელს – სლოვაკეთში.

ნოდარ ლომინაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის პირველი აღზრდილი არ არის, რომლის დამატებასაც „ტორპედო“ ცდილობს – მცირე ხნის წინ გუნდს დანიური „ვეილედან“ მცველი ლუკა ლაცაბიძე შეუერთდა, რომლის სატრანსფერო უფლებებიც დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის.

მსგავსი