ნოდარ კოდუა „რედ ბულ ქარ პარკ დრიფთ“-ის (Red Bull Car Park Drift) გამარჯვებულია
ნოდარ კოდუა „რედ ბულ ქარ პარკ დრიფთ“-ის (Red Bull Car Park Drift) გამარჯვებულია

საქართველოს 2020 წლის „დრიფტის მეფე“ ნოდარ კოდუა გახდა. მან ფინალურ გარბენში 371 ქულა დაიმსახურა და პირველობისთვის ბრძოლაში მასწავლებელი, მევლუდ მელაძე  დაამარცხა. მესამე ადგილი კი-დავით ნუცუბიძემ დაიკავა.

„რედ ბულ ქარ პარკ დრიფთ“-ის (Red Bull Car Park Drift) საქართველოს შესარჩევი 5 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა.  ნოდარ კოდუა 2021 წელს Red Bull Car Park Drift-ის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას.

ნოდარ კოდუა: „გასულ წელს გავედი მესამე ადგილზე, გვქონდა ტექნიკური პრობლემა და ვერ დავასრულეთ გასვლა, წელს ძალიან ვემზადებოდით, რომ მსგავსი პრობლემა არ გვქონოდა, მაგრამ შეგვექმნა. ჩქარა გამოვასწორეთ, შედეგი დავდეთ და გავიმარჯვეთ. წელს ვართ გამარჯვებულები მე და ჩემი გუნდი.“

Red Bull Car Park Drift-ის 2020 წლის საქართველოს შესარჩევში მონაწილეობა 24 დრიფტერმა მიიღო. წინასწარ კვალიფიკაციაზე მათგან მხოლოდ 16 შეირჩა.

Red Bull Car Park Drift დრიფტის საერთაშორისო ჩემპიონატია, რომლის შესარჩევი ეტაპი საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს საქართველოს გამარჯვებულმა ვახტანგ ხურციძემ, შეჯიბრების მსოფლიო ფინალზე,  მესამე ადგილი მოიპოვა.

წელს Red Bull Car Park Drift -ის ჟიურის წევრები იყვნენ დათა ქაჯაია – მრბოლელი: TCR სერიების მონაწილე, 2013-2014 წლებში ლეგენდ კლასის სერიის გამარჯვებული. 2015 წელს ETCC სერიის გამარჯვებული, 2018-2019 წლების საქართველოს აღმართის დაძლევის სერიების გამარჯვებული. ოთარ თავართქილაძე- საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ბეჟიტაშვილი- წრიული რბოლის ჩემპიონი ლეგენდ კლასის ავტომობილებში, კოკა სვანიძე- საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მთავარი მსაჯი.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე შეჯიბრების სანახავად 3000-მდე მაყურებელმა მოიყარა თავი.

პრიზები

Red Bull Car Park Drift-ს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს. „დრიფტის მეფე“ 2021 წელს შეჯიბრების მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას. შესარჩევში მონაწილე 16 დრიფტერს კი საწვავის ვაუჩერი გადაეცათ.

Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა დასაშვები იყო მხოლოდ სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეჯიბრებას განსხვავებული ფორმატი აქვს. „დრიფტის მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად მონაწილეები სხვადასხვა ექსტრემალურ დავალებას ასრულებდნენ. თითოეულ მონაწილეს ჟიური რამდენიმე კრიტერიუმით აფასებდა.

Red Bull Car Park Drift საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართა.