ნოდარ ხიზანიშვილმა სანიოლის ნაკრებში დისციპლინა დაინახა - ოთარ გაბელიას აზრით, „ჯვაროსნებში“ საინტერესო თაობა მოდის #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში გამართული თასების თასის ფინალის მონაწილე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკეს – მათი აზრით, „ჯვაროსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდს ხელი დაატყო.
„ამ მწვრთნელის მუშაობის შედეგად ნაკრებში დისციპლინა დავინახე. ისეთ გუნდებში უთამაშია და ისეთი ნაკრების წევრი იყო, რომ ამის გარეშე წარმატების მიღწევა გამორიცხული გახლდათ. სანიოლი, ბოლოსდაბოლოს, ზიდანის პარტნიორი იყო. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა. რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ათამაშა, მაგალითად, გიორბელიძე“, – განაცხადა თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა მცველმა ნოდარ ხიზანიშვილმა.
ოთარ გაბელია:
„სანიოლს ეტყობა, რომ ფეხბურთზე საკუთარი შეხედულება გააჩნია. მალე ნაკრებს ჩაკვეტაძე დაუბრუნდება, დავითაშვილი გვეყოლება, კიტეიშვილი კიდევ უფრო გაიზრდება. ბერიძეც ძალიან მომწონს და ჩემი აზრით, მისი სახით ძალიან საინტერესო მოთამაშე გვეზრდება. გიორბელიძე გორის „დილადან“ მახსოვს და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიმაჩნია, რომ კარგი თაობა მოდის. მომეწონა სიტუაცია საბერძნეთთან ანგარიშის გათანაბრების შემდეგ: კვარაცხელიამ ბურთი აიღო და ცენტრისკენ გაიქცა – ანუ მოგება სურდა, ფრე არ აკმაყოფილებდა“.