ოთარ გაბელია - დინამოელები ვისურვებდით, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ გაბელია - დინამოელები ვისურვებდით, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელებმა 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში გამართული თასების თასის ფინალი, იენის „კარლ ცაისთან“ შეხვედრა და 40 წლის წინანდელი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრეს.

ლეგენდარული „დინამოს“ მეკარე ოთარ გაბელიამ გაიხსენა, რომ 1981 წლის 13 მაისის ფინალამდე აეროპორტში ბარგი დაკარგა:

„ბარგი „აეროფლოტმა“ დამიკარგა. ორგანიზატორებმა ფორმა მაჩუქეს და ჩივაძის ბუცები მეცვა, რომელსაც მერეც ვიყენებდი, იმის მიუხედავად, რომ ცოტა დიდი ზომის იყო“.

ნოდარ ხიზანიშვილი:

„ჩვენ ყველა სცენარისთვის მომზადებულები ვიყავით. ქაოსურად არაფერი ხდებოდა. „ვესტ ჰემთან“ გამარჯვება იყო კულმინაცია, როდესაც ვირწმუნეთ, რომ თასის მოპოვება შეგვეძლო. წარმატების მიღწევა ლიდერების გარეშე წარმოუდგენელი იყო, ჩვენ კი მაშინ 5-6 ასეთი მოთამაშე გვყავდა და ფინალში ნებისმიერ გუნდს მოვუგებდით. გამარჯვების შემოქმედი ნოდარ ახალკაცი გახლდათ. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ყველა ფეხბურთელთან საერთო ენა გამონახა“.

ვლადიმერ გუცაევი:

„წლები გავიდა და ვფიქრობ, „ფეიენოორდთან“ განმეორებით შეხვედრაში ავსტრიელმა ვიორერმა ასე ცუდად რატომ გვიმსაჯა. შესაძლოა, ეს უეფა-ს დავალება იყო, საბჭოთა კავშირის გუნდი ფინალში რომ არ გასულიყო. ამ აზრისკენ იმიტომ ვიხრები, რომ მსაჯი უეფა-ს არ დაუსჯია, მხოლოდ ავსტრიის ფედერაციამ მისცა დისკვალიფიკაცია“.

ოთარ გაბელია:

„არა მგონია, უეფას-გან ასეთი ინსტრუქცია ჰქონოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ცუდად იმსაჯა. მან შენგელიას და გუცაევს ასპროცენტიანი გოლები არ ჩაუთვალა. როტერდამში 0:2-ს ვაგებდით და გვქონდა შიში, მსაჯი კიდევ რაღაცას მოიგონებდა. ვცდილობდით, საბაბი არ მიგვეცა. მათი მწვრთნელი ნამუსიანი კაცი აღმოჩნდა, თამაშის შემდეგ ახალკაცთან მივიდა და ბოდიში მოუხადა. ასეთი წარმატება ქართულ ფეხბურთს არასოდეს ჰქონია. მაგრამ მაშინდელი „დინამოს“ წევრები უფრო იმას ვისურვებთ, რომ ახლა მეტ წარმატებას მივაღწიოთ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მეტი წარმატება გვჭირდება“.