ნოდარ ხადური - „სიტროენ ჯორჯიას“ საქმის მოკვლევა ერთ თვეში დაიწყება
ნოდარ ხადური - „სიტროენ ჯორჯიას“ საქმის მოკვლევა ერთ თვეში დაიწყება

„სიტროენ ჯორჯიას“ საქმის მოკვლევა ერთ თვეში დაიწყება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად მათ მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან და არსებულ საჩივრებს „სიტროენ ჯორჯიას“დღეს გადაუგზავნიან.

„ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში. ერთ თვეში დავიწყებთ მოკვლევას, გააჩნია რა სიღრმეების დოკუმენტაცია გვექნება. მინდა გითხრათ, გარდა იმისა,რომ არის ასე ვთქვათ, ერთი კომპანიის ასგვერდიანი საჩივარი, გვაქვს ამ ასგვერდიან საჩივარზე ექვსი კომპანიის და ასევე სამი უწყების შეპასუხება, გვაქვს პოზიციები, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ შეზღუდვების სააგენტოდან. ასე რომ, საკმაოდ სერიოზული სამუშაოა”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიტროენ ჯორჯია“, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

დავის ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ათი რეანომობილის შეძენის ტენდერია.