
ევროსაბჭოსთან ჩვენი ურთიერთობა, პრინციპში, არც არასდროს არ ყოფილა დიპლომატიის ფარგლებში, ყოველთვის ულტიმატუმების რეჟიმში იყო და ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო, – ასე უპასუხა სტატისტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეიძლება ულტიმატუმის ენით საუბარი, როდესაც დიპლომატიაზეა საუბარი და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დათქმებს მოიცავს, იყო თუ არა ერთგვარად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, როგორც ეს საზოგადოების ნაწილმა აღიქვა?
კაპანაძის თქმით, რატომღაც საუბარი არ მიდის იმაზე, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის ევროკავშირის ორგანო და არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო.
ამასთან, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ხალხი, რა შეეხება საერთაშორისო შეფასებას, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთა დასკვნა, რომელიც არასდროს არ არის ასი პროცენტით დადებითი ან ასი პროცენტით უარყოფითი, ეს დასკვნა უფრო მეტწილად დადებითი იყო, ვიდრე უარყოფითი და, ამდენად, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე შემდგომი მსჯელობა დროის ფუჭ კარგვად მიაჩნია.
ნოდარ კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიოში რაღაც სერიოზული ცვლილებები აშკარად დაიწყო.
„ძალიან საყურადღებოა ის, რომ მარკო რუბიომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ბრიუსელის ბიუროკრატიას, პრაქტიკულად, უარი უთხრა შეხვედრაზე. ტრამპმაც გააკეთა განცხადება, რომ მას ევროკავშირის სახელმწიფოებთან ერთი ერთზე ექნება ურთიერთობა და არა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან, რომელიც, პრინციპში, არავის არჩეული არ არის. ეს ძალიან საყურადღებო განცხადებაა და ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობის ფორმატი მნიშვნელოვნად იცვლება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ფაქტია, ტრამპის გუნდს, პირველ რიგში, ქვეყნის შიდა წინააღმდეგობები აქვს გადასალახი, შემდგომი მოწინააღმდეგეა ჩინეთი და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი, სერიოზული და საშიში მოთამაშე – რუსეთი.
„ჩინეთი ეკონომიკური მოწინააღმდეგეა, მაგრამ ჩინეთთანაც საქმე ისე არის, რომ ამერიკა და ჩინეთი ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთზე, აქ რაღაც მკვეთრი მოძრაობები და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ორივესთვის წამგებიანია. ამდენად, აქ ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ მოხდება მათ შორის ვითარების განმუხტვა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მესამე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი, სერიოზული და საშიში მოთამაშე – რუსეთი. დედამიწაზე რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ამერიკისთვის აუნაზღაურებელი ზიანის მიყენება შეუძლია. ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც არათუ საპირწონეა, სამხედრო თვალსაზრისით, ბევრი პარამეტრით სჯობნის ამერიკას. ამერიკა, თავისთავად, არის უძლიერესი სახელმწიფო სამხედრო ბაზების განლაგებით, დაფარვით და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლილობით მსოფლიოში. მათ შორის პრობლემების იარაღის გზით გადაწყვეტა, პრაქტიკულად, კაცობრიობის დასასრულია და, ამდენად, აქ მკვეთრი ნაბიჯები ნაკლებად მოსალოდნელია“, – განაცხადა კაპანაძემ.
შეკითხვაზე, ვის რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა, რომ ის, როგორც ეკონომისტი და სტატისტიკოსი, ამ საკითხს, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით უყურებს.
„რა გააკეთა უკრაინის კონფლიქტმა, პირველ რიგში, ეკონომიკურად? უკრაინის კონფლიქტმა გაკეთა ამერიკისთვის ძალიან სასარგებლო რამ, როცა ევროპა ჩახსნა რუსეთის იაფი ენერგორესურსებისგან და ჩინეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირისგან რუსეთის მარშრუტით. ახლა ამიტომ არის, რომ ჩვენთან შუა დერეფანზე არის ასეთი ამბები. ერთადერთი ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტი ამჟამად არის შუა დერეფანი საქართველოზე გავლით, ვინაიდან ზანგეზურის მარშრუტი პროექტის ფარგლებშია, ან იქნება, ან არა, და გარდა ამისა, რამდენად სჭირდება ირანს, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სახმელეთო მიმოსვლა იყოს, ესეც საკითხავია და ასეა სხვა პროექტებთან მიმართებაშიც“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ამ მოცემულობაში შუა დერეფანი დღესდღეობით ერთადერთ უსაფრთხო დერეფნად რჩება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი. ეს ჩვენთვის, ერთი მხრივ, გამოწვევაც არის და, მეორე მხრივ, არის შესაძლებლობაც. გეოგრაფია, გარდა მდებარეობისა, განაჩენიცაა“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
შეკითხვაზე, დაუბრუნდება თუ არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები საწყის ნიშნულს, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა, რომ საწყისი ნიშნული სულაც არ არის ის კარგი ნიშნული, სადაც დაბრუნება საჭიროა და ამ ნიშნულზე დაბრუნება არანაირად არ არის სასურველი.
„ის, რაც იყო, არის ვასალური დამოკიდებულება. ანუ, იქ რომ ვიღაც სენატორმა რაღაც თქვა, ჩვენ აქ ყურებზე უნდა ვიაროთ, უნდა გავინასკვოთ და რაღაცები ჩავიდინოთ. ეს არის ვასალური დამოკიდებულება. რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, დონალდ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის და ჩვენი მმართველი პოლიტიკური ძალის განცხადებები თითქმის იდენტურია. ეს ნიშნავს, რომ ეს არის საკმაოდ კარგი პლატფორმა, რომ ამაზე აიგოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობები. ეს კარგი პლატფორმაა საამისოდ. რამდენად კარგი ურთიერთობები აიგება, ეს უკვე დამოკიდებულია ორივე მხარეზე“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, კაპანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს.
„ერის და არა მხოლოდ ხალხის, რადგან ერი ეს არის ის, ვინც იყო, არის და იქნება, ხალხი კი არის მხოლოდ ერის ცოცხალი ნაწილი მოცემულ მომენტში. ამდენად, ერის ინტერესებიდან გამოსვლა ნიშნავს წარსულის, აწმყოს და მომავლის გათვალისწინებას, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კი ნიშნავს, მხოლოდ ახლა რაც არის საჭირო და ამ საჭიროებების მიხედვით მოქმედებას“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.