ნოდარ ჭიჭინაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ იმ თანხით, რაც დღეს აუქციონზე დაფიქსირდა, ყველა ვალდებულება დაფარულიყო, რაც მაუწყებელს აქვს
ნოდარ ჭიჭინაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ იმ თანხით, რაც დღეს აუქციონზე დაფიქსირდა, ყველა ვალდებულება დაფარულიყო, რაც მაუწყებელს აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ამოსავალი წერტილი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ იმ თანხით, რაც დღეს აუქციონზე დაფიქსირდა, ყველა ის ფინანსური ვალდებულება უნდა დაფარულიყო, რაც მაუწყებელს გააჩნია, – ამის შესახებ პირველი არხის ფინანსურმა დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალი შენობის აშენება, რომლის მშენებლობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე, 2023 წლის ბოლოდან მაუწყებელი ახალი შენობითა და ტექნიკით განაგრძობს მუშაობას.

ეს არ იყო პირველი აუქციონი, არამედ რიგით მერვე აუქციონი იყო და შეცდომაში არ შევიდეს საზოგადოება და არ ჩათვალოს, რომ ეს შენობა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაიყიდა.

პირველი და ამოსავალი წერტილი არის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ფასი, რომელიც დღეის მდგომაროებით და იმ დასკვნით, რომელიც ხელში გვიჭირავს, შეადგენს 24 მილიონ დოლარს. შენობა გაიყიდა 23 მილიონ დოლარად, რაც სამხარაულის ბიუროს შეფასებასთან ახლოს არის. შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, რა საჭირო იყო წინა აუქციონების ჩატარება, რა ფასადაც ხდებოდა შენობის რეალიზება, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია: ვინაიდან ჩვენ გვქონდა დროის საკმარისი რესურსი და ამ შენობის გაყიდვა არ გვეჩქარებოდა, თავიდანვე ვეცადეთ, მაქსიმალური შეფასებით გამოგვეტანა შენობა და მიწის ნაკვეთი. ამიტომ პირველი აუქციონი 2020 წელს სამხარაულის ბიუროს შეფასებაზე 50 პროცენტით უფრო ძვირად გამოვიტანეთ, რადგან გვქონდა დრო და ვცადეთ, გაგვეყიდა ამ ფასად. იყო მოლოდინი, რომ დიდი ალბათობით იმ ფასად არ გაიყიდებოდა, მაგრამ გვქონდა დრო, მოგვესინჯა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ არ მოჰყოლოდა საუბრები, ხომ არ მოხდა იაფად რეალიზება. შესაძლებლობა გვქონდა და რაც შეიძლება, შორიდან დავიწყეთ ვაჭრობა. ამის შემდეგაც ყველა ნაბიჯი იყო მოზომილი, დაახლოებით 10-10% იანი კლებით მოვდიოდით იმ შეფასებისკენ, რაც ჰქონდა დასკვნის სახით დადებული სამხარაულის ბიუროს.

როდესაც სამხარაულის ფასზე ჩამოვედით, სამჯერ გამოვაცხადეთ აუქციონი, მაგრამ კვლავ არ გაიყიდა იმ ფასად, რა ფასიც ჰქონდა სამხარაულს, ამიტომ მაუწყებლის მენეჯმენტმა მიმართა სამხარაულის ბიუროს, ტელევიზიის კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების გადაფასებისთვის. მათი პასუხი იყო, რომ ფასს არ ცვლიდნენ. ამის შემდეგ უკვე მაუწყებლის მენეჯმენტმა, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, მიიღო ფასის დაკლების გადაწყვეტილება და აუქციონზე დაახლოებით 3-4%-ით ნაკლებ ფასად მოხდა ქონების გამოტანა, ვიდრე ეს იყო სამხარაულის შეფასებით. საბოლოო ჯამში, პროცესი სწორად იქნა მართული, არც ტექნიკური გადაიარაღების პროცესი და არც მშენებლობა ფინანსური კუთხით დღემდე ერთი თეთრით არ შეფერხებულა.

გარდა იმისა, რომ შენობის რეალიზება მოხდა, მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე აღებული აქვს 45 მილიონი ლარის კრედიტი. ჯამში ეს ორივე, დაახლოებით 110 მილიონი ლარი, არის იმ ტექნიკური გადაიარაღების დაფინანსების წყარო, რაც უკვე დანერგილია ძველ შენობაში და გადავა ახალში, ბუნებრივია, დარჩენილი ნაწილი მოხმარდება ახალი შენობის მშენებლობას.

ამ ორი წყაროთი აკუმულირებული თანხები, როგორც იყო თავიდანვე დაგეგმილი, სრულად ყოფნის იმ ვალდებულების დაფინანსებას, რომ 2023 წლის ბოლოდან მაუწყებელმა ახალ შენობაში გააგრძელოს ფუნქციონირება“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად (დღგ-ს გარეშე) გაიყიდა.

მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.