ნოდარ ჭიჭინაძე – საზოგადოებისთვის უფრო დიდი შედეგის მომტანია პირველი არხის გადაწყვეტილება, ვიდრე დანაკლისი, რაც მაუწყებელს ფინანსური სახით ექნება
საზოგადოებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობისა და შედეგის მომტანი არის ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ის დანაკლისი, რაც უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინანსური რესურსის სახით ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, სპორტული ღონისძიებები ძალიან დიდი დოზით იყო პირველ არხზე და ამ მიმართულების აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება.
„სპორტული ღონისძიებები, დამეთანხმება ყველა მაყურებელი, ძალიან დიდი დოზით იყო წარმოდგენილი პირველ არხზე. ამ მიმართულების აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება და მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, აისახება ორგანიზაციაზე.
ფინანსური რესურსის ეს წყარო ძირითადად სწორედ ამ სპორტული ღონისძიებების შემავსებელი იყო, მაგრამ ყველა ძირითადი სპორტული მიმართულება, განსაკუთრებით ის ღონისძიებები, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი, რაც მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი და უფრო მეტად საინტერესოა, ჩვენ მიერ იქნება შენარჩუნებული და დაფინანსებული“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.