ნოდარ ჭიჭინაძე - საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის პროექტი სრულად ხორციელდება მაუწყებლის კუთვნილი სახსრებით
ნოდარ ჭიჭინაძე - საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის პროექტი სრულად ხორციელდება მაუწყებლის კუთვნილი სახსრებით

ეს პროექტი სრულად ხორციელდება მაუწყებლის კუთვნილი სახსრებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რატომ სხვაგან?! იმიტომ, რომ ამ შენობის რეკონსტრუქცია ორი მიზეზის გამო იყო შეუძლებელი. ერთი, სამშენებლო თვალსაზრისით და მეორე, ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ არ გაგვაჩნდა დამატებითი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ორი კურდღელი ერთად დაგვეჭირა, გაგვეკეთებინა როგორც ტექნიკური გადაიარაღება, ისე არსებული შენობის რეკონსტრუქცია. არადა, ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არის. ახალ მისამართზე გადასვლა ზუსტად ამ ორი კურდღლის დაჭერის შესაძლებლობას გვაძლევს, რადგან მოზიდული კრედიტით, 45 მილიონი ლარით დაწყებული გვაქვს ორივე მიმართულებით აქტიური სვლა. ეს არის როგორც ტექნიკური გადაიარაღება, ასევე ამავე თანხიდან დღეს გამოცხადდა სამშენებლო ტენდერი და ვიწყებთ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, მისამართის შეცვლა იძლევა იმის საშუალებას, რომ არსებული უძრავი ქონების რეალიზება მოხდეს და ამით ორივე მიმართულება დასრულდეს.

„გარდა იმისა, რომ ამით სამშენებლო და ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ახალ ტელევიზიას ვქმნით, ეს გზას უხსნის ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ქალაქის ცენტრში, ყველაზე პრესტიჟულ და მიმზიდველ ადგილას. პრაქტიკულად, 33 000 კვ.მ. ფართობს ვათავისუფლებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა აქ დამატებით ჩადოს ინვესტიციები. ასე რომ, ამ შემთხვევაში მოგებული რჩება როგორც ტელევიზია, რომელიც თვითკმარია და თავის ყველა საჭიროებას სრულად აფინანსებს, ასევე ქალაქისთვისაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, რადგან ქალაქის ცენტრში ახალ ინფრასტრუქტურას მივიღებთ და სახელმწიფოსთან შეთანხმებით ბიზნესი თავად გადაწყვეტს, აქ რა შეიძლება აშენდეს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი