ნოდარ ჭიჭინაძე - ეჭვის შეტანა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ფინანსურ ოპერაციას დამალულად განახორციელებს, არაკომპეტენტურობაა
ნოდარ ჭიჭინაძე - ეჭვის შეტანა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ფინანსურ ოპერაციას დამალულად განახორციელებს, არაკომპეტენტურობაა

ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი, იქნება ეს სესხის საპროცენტო განაკვეთი თუ ვადიანობა, შეთანხმებული იქნება სამეურვეო საბჭოსთან, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ფინანსურად ბოლომდე გამჭვირვალე ერთადერთი ტელევიზია. მის მიერ დახარჯულ თითოეულ ლარზე ძალიან ვრცელი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. იცით, რომ ჩვენი შემოწმება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, გვამოწმებს გარე აუდიტორული კომპანიები და სამეურვეო საბჭო თავისთავად. შესაბამისად, ეჭვის შეტანა იმაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ტიპის ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს დამალულად, არის არაკომპეტენტურობა, საფუძველს მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება სესხის აღების პროცედურებს, ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან.

„ამ მოლაპარაკებების დასაწყებად ჩვენ მივიღეთ სამეურვეო საბჭოს თანხმობა. ეს თანხმობა მივიღეთ ჩვენი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. ეს ინფორმაცია იყო ის ზოგადი სქემა, თუ რისთვის ვაპირებთ ამ სესხის აღებას და როგორ ვაპირებთ ამ სესხის დაფარვას. სწორედ ამ თანხმობის შემდეგ, ახლა მიმდინარეობს დეტალური გეგმის დამუშავება, რაც უნდა წარვუდგინოთ ბანკებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სესხს ვერ მოგვცემენ. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი შეთანხმებული იქნება სამეურვეო საბჭოსთან. ყველა დეტალი, იქნება ეს ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი თუ სესხის ვადიანობა, შეთანხმებული იქნება სამეურვეო საბჭოსთან, სხვანაირად არც ვაპირებთ, ვერც გავაკეთებთ“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის დირექტორმა.