„ნიუპორტის“ მეკარე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - მან 96 მეტრიდან გაიტანა [ვიდეო]
ინგლისის მეოთხე დივიზიონის კლუბის „ნიუპორტ ქაუნთის“ მეკარე ტომ კინგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. 25 წლის გოლკიპერი ოფიციალურად არის აღიარებული ოფიციალურ მატჩებში ყველაზე გრძელი დისტანციიდან გატანილი გოლის ავტორად.
„ნიუპორტი“ სტუმრად თამაშობდა „ჩელტენემის“ წინააღმდეგ და სწორედ კინგმა შეძლო ამ მატჩში ანგარიშის გახსნა – საკუთარი კარიდან დარტყმის შემდეგ. თამაშში ბურთის შეტანისას, კინგმა ძალიან ძლიერად დაარტყა. შედეგად, ბურთი „ჩელტენემის“ საჯარიმოსთან ახლოს დაეცა, რის შემდეგაც თავზე გადააფრინდა მეკარე ჯოშუა გრიფიტს, რომელმაც ვერ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
კინგმა გოლი 96.01 მეტრიდან გაიტანა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა მეკარე ასმირ ბეგოვიჩს და მან შვიდ წელზე მეტხანს გაძლო. 2013 წლის 2 ნოემბერს, „სტოკის“ რიგებში მოთამაშე ბეგოვიჩმა „საუთჰემპტონს“ 91.9 მეტრიდან გაუტანა.