„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელის ლიდერთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, რომლის ფარგლებში მადურომ ამერიკულ კომპანიებს ნავთობზე წვდომა შესთავაზა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელის ლიდერთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, რომლის ფარგლებში მადურომ ამერიკულ კომპანიებს ნავთობზე წვდომა შესთავაზა

აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელის ლიდერთან, ნიკოლას მადუროსთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, რომლის ფარგლებში მადურომ ამერიკულ კომპანიებს ნავთობზე წვდომა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, თავად ტრამპმა, გარკვეულწილად, აღიარა ეს მოლაპარაკებები, როდესაც განაცხადა, რომ შესაძლოა, მადუროსთან გარკვეული მოლაპარაკებები იყოს.

გამოცემის მიხედვით, ვენესუელის ოფიციალურმა პირებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ ნიკოლას მადურო, შესაძლოა, მზად იყოს, გადადგეს ორ-სამწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ.

გამოცემა ასევე წერს, რომ კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის უდიდესი ავიამზიდის განთავსების შემდეგ დონალდ ტრამპმა დაამტკიცა დამატებითი ზომები ვენესუელაზე ზეწოლისა და ფართო სამხედრო კამპანიის შესაძლებლობისთვის მოსამზადებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამტკიცა გეგმები, რომლებიც ვენესუელაში „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ ფარულ ოპერაციებს ითვალისწინებს.

„სამხრეთის შუბის“ სახელით ცნობილი ოპერაცია – კარიბის ზღვის აუზში ამერიკული საზღვაო ძალების მასიური განლაგება ყველაზე მასშტაბურია კუბის სარაკეტო კრიზისისა და 1962 წელს კუბის ბლოკადის შემდეგ.