ნიუ იორკში ქართველი მხატვრის, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
ნიუ იორკში ქართველი მხატვრის, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

„მეტი მზე და პური მსოფლიოს“, – ამ სახელწოდებით ნიუ იორკში ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ავტორის თქმით, გამოფენის კონცეფცია იყო მსოფლიოს მთავარი გამოწვევები, გაჭირვება და შიმშილი.

„გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში არის ბევრი მზე, პური, სხვა საკვები და ერთი ფერადკანიანი ბავშვი, რომელიც არის აფრიკიდან, სადაც ყველაზე მეტად მძვინვარებს შიმშილი. უსახლკარობის და შიმშილის მთავარი მიზეზი არის ომი, რომელიც იწვევს ნგრევას და ანადგურებს ყველაფერს. ამ პრობლემის მოგვარება არის ჩემი ოცნება, რომელიც მჯერა, რომ მხოლოდ ჯერჯერობით არის ოცნება და მალე ამისრულდება – ეს არის მშვიდობიანი მსოფლიო მეტი მზით და პურით, მსოფლიო ომის, გაჭირვების და შიმშილის გარეშე“, – ამბობს მხატვარი თეკლა მელაძე.

თეკლა მელაძის გამოფენის გახსნას დაესწრო გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც და მხატვარს წარმატება მიულოცა.

„ძალიან შთამბეჭდავია გამოფენა, რომელიც დავათვალიერე, აქ, ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს შტაბ-ბინაა და სადაც ყველაზე კარგად ესმით იმ გამოწვევების შესახებ, რაც თეკლამ ასახა თავის ნახატებში, რომელიც პასუხობს გაერო-ს გამოწვევების მთავარ საკითხებს – სიღარიბე, შიმშილობა. შესრულებულია ძალიან დიდი ემოციით და აჩვენებს ჩვენი საზოგადოების პასუხს ამ გამოწვევის მიმართ, მის პირად პასუხს, სურვილს და ენთუზიაზმს, რომ ამ გამოწვევებზე უნდა იყოს ერთიანი პასუხი. სწორედ ამას ემსახურება გაერო. ძალიან სიმბოლურია, რომ ნიუ იორკში იმართება და იმედი მაქვს, მალე უშუალოდ გაერო-შიც იქნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ აღნიშნულ გამოფენას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.