ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ
ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ

ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ. შესაბამის ფოტოებს მედია ავრცელებს.

სასაფლაო ნიუ-იორკში, ბრონქსში, კუნძულ ჰართ აილენდზე მდებარეობს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული სასაფლაო 150-ზე მეტი წელია, ქალაქის ხელისუფლების მიერ გამოიყენება, როგორც მასობრივი სამარხი გარდაცვლილთათვის, რომელთაც ოჯახი ან ახლობელი არ ჰყავთ ან რომელთა ოჯახს დაკრძალვის ცერემონიისთვის საჭირო სახსრები არ აქვს.

„ბიბისის“ ცნობით, თუ აქამდე, სასაფლაოზე დაკრძალვის ცერემონია კვირაში ერთხელ იმართებოდა, ეპიდემიის გამო ახლა კვირაში ხუთი დღე გრძელდება.

ნიუ იორკის შტატი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. შტატში „კოვიდ-19“-ით უკვე 7 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 160 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, ამგვარად შტატმა გადაუსწრო ესპანეთს, სადაც კორონავირუსის 157 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული და იტალიას – 143 ათასი შემთხვევა.

სულ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 466 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 16 500-ს აღემატება.