ნიუ იორკში კლიმატური სამიტი გაიხსნა
ნიუ იორკში კლიმატური სამიტი გაიხსნა

ნიუ იორკში კლიმატური სამიტი გაიხსნა. სამიტში მსოფლიოს 195 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ გეგმებს წარადგენენ, რომლებიც 2015 წელს გაფორმებულ პარიზის კლიმატურ შეთანხმებასთანაა დაკავშირებული. პარიზის კლიმატური შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება და პლანეტის საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა.

კონფერენციაში მსოფლიო ლიდერები, მთავრობის წევრები, ბიზნესის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე მივიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ კლიმატურ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა საერთაშორისო საზოგადოება კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა.

„თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევიცვლით ცხოვრების წესს, ჩვენ საფრთხეს შევუქმნით თავად სიცოცხლეს“, – განაცხადა გუტიერეშნმა და აღნიშნა, რომ 2019 წლის ივლისი ისტორიის ყველაზე ცხელი თვე გახდა.

მან კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულ ბუნებრივ კატაკლიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტის მიზანი მოლაპარაკებები არ არის, რადგან ბუნებასთან მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია, არამედ სამიტის მიზანია ქმედებები.

სამიტის მონაწილეებს ემოციური სიტყვით მიმართა ახალგაზრდა შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა. მან უფროსი თაობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ მასობრივი სიკვდილის ზღვარზე ვართ, ის რაზეც თქვენ საუბარი შეგიძლიათ მხოლოდ ფულია და ეკონომიკური ზრდის შესახებ ზღაპრებია“, – განაცხადა ტუნბერგმა.

„ეს ყველაფერი არასწორია, მე აქ არ უნდა ვიმყოფებოდე. ახლა სკოლაში, ოკეანის გადაღმა უნდა ვიყო. თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა თქვენი ცარიელი სიტყვებით“, – მიმართა გრეტამ მსოფლიო ლიდერებს და დასძინა: „თუ თქვენ დაგვაღალატებთ, ჩვენ ამას არასდროს დაგივიწყებთ“.

გრეტა ტუნბერგის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობების მოწოდებების ესმის. მან მზადყოფნა გამოთქვა, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღოს. სამიტზე გერმანიის მთავრობამ ტროპკული ტყეების გადასარჩენად 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.

„ტყეების დაცვა ყველა ჩვენგანის გადარჩენისთვისაა საჭირო“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.