ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენი - მხარი უნდა დავუჭიროთ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს დაიცავს
ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენი - მხარი უნდა დავუჭიროთ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს დაიცავს

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს მტრული წინააღმდეგობის გამკლავება შეეძლოთ. ეს სინამდვილეს შეესაბამება განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, სადაც პრეზიდენტ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან, – ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენმა, ელიოტ ელ-ენჯელმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა დოკუმენტის წარდგენისთვის ვირჯინიის შტატის კონგრესმენ ჯერალდ კონოლს და საქართველოს მხარდამჭერ აქტს „შეუდარებელი კანონპროექტი“ უწოდა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ჯერალდ კონოლს ამ შეუდარებელი კანონპროექტის წარდგენის გამო. აღნიშნულ ზომას საკმაოდ გადამწყვეტ მომენტში ვიღებთ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი  პარტნიორებთან ურთიერთობებს აძლიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს მტრული წინააღმდეგობის გამკლავება შეეძლოთ. ეს სინამდვილეს შეესაბამება განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, სადაც პრეზიდენტ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან“, – განაცხადა ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენმა.

ელიოტ ელ-ენჯელმა დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია.

„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მისი გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოხდინა. ამით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ახლა, ათწლეულის შემდეგ რუსეთი ამას კვლავ განაგრძობს – კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციის კამპანია, ადამიანის უფლებების დარღვევა. ამიტომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს დაიცავს. აღნიშნული აქტი მოუწოდებს აშშ-ს, რომ გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამასთან ერთად აქტი საქართველოს ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ასევე ითვალისწინებს სანქციებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევებში“, – განაცხადა კონგრესმენმა.