ნიუ იორკის საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

08:15, 29.12.2017

ნიუ იორკის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12–მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ გააკეთა. მისივე თქმით, მათ შორის ერთი წლის ბავშვიცაა.

ნიუ იორკის მერიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ცხრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.  ბილ დე ბლასიოს თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი კი ჯერ უცნობია.

ბრონქსში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სულ 20 ბინაა. ის 100 წელზე მეტი ხნის წინაა აშენებული.

საცხოვრებელი სახლი ბრონქსის ზოოპარკის სიახლოვეს მდებარეობს.

მსგავსი