ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე მდებარე პორტებში მოსალოდნელმა გაფიცვამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს
ნიუ იორკის გუბერნატორი ქეითი ჰოჩული აცხადებს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე მდებარე პორტებში მოსალოდნელმა გაფიცვამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს.
მოსალოდნელია, რომ პორტების თანამშრომლების გაფიცვა პირველ ოქტომბერს დაიწყება.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ გავლენის გამო, რაც გაფიცვას შეიძლება, ჰქონდეს ჩვენს მიწოდების სისტემაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ კრიტიკულ საქონელს, როგორიცაა სამედიცინო მარაგები და სხვა“, – განაცხადა ჰოჩულმა პრესკონფერენციაზე.
გუბერნატორის განცხადებით, მეინის შტატიდან ტეხასის შტატის მიმართულებით მდებარე პორტებში პროფკავშირის 47 000 წევრი გეგმავს გაფიცვას. ეს გავლენას მოახდენს პორტებზე, რომლებიც ქვეყნის საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით ნახევარს ემსახურებიან.
ნიუ იორკის გუბერნატორის თქმით, თუ გაფიცვა დაიწყება, მოსახლეობა არ უნდა შეშფოთდეს პირველადი მოხმარების საქონელზე წვდომის დაკარგვის გამო.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საკვების მიწოდება შეფერხდება“, – განაცხადა ქეითი ჰოჩულიმ, თუმცა დასძინა, რომ თუ სამუშაოები ხანგრძლივი პერიოდით შეჩერდება, ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვადასხვა პროდუქტის მიწოდებაზე.