ნიუ იორკის ერთ-ერთი სიმბოლო, ცათამბჯენი „კრაისლერი“ 150 მილიონად იყიდება
ნიუ იორკის ერთ-ერთი სიმბოლო, ცათამბჯენი „კრაისლერი“ 150 მილიონად იყიდება

ნიუ იორკში მდებარე ცათამბჯენ „კრაისლერის“ მფლობელები შენობას 150 მილიონ აშშ დოლარად ყიდიან. ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ცათამბჯენის ყიდვა კომპანია „ერეფერ ჰოლდინგმა“ გადაწყვიტა. კომპანია შენობის ახლანდელი მფლობელების, აბუ-დაბის სახელმწიფო ფონდისა და „ტიშმან სპეიერის“ პარტნიორია.

ნიუ იორკის ერთ-ერთი სიმბოლო, 77-სართულიანი „კრაისლერ ბილდინგი“ დაახლოებით 90 წლის წინ არის აშენებული.​ ის პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში, რომლის სიმაღლემ 1000 ფუტს გადააჭარბა. შენობის აგების პერიოდში ნიუ იორკის მშენებლები ერთმანეთს მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში ეჯიბრებოდნენ.

„ტიშმან სპეიერმა“ 1997 წელს დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა შენობის მოდერნიზებაზე. ექსპერტების ვარაუდით, ახალ მფლობელს კიდევ უფრო დიდი თანხის გადახდა მოუწევს მოდერნიზებისთვის, რათა შენობის დამქირავებლები მოიზიდოს.