„ნიუ იორკერი“ საქართველოს შესახებ - „კავკასიის კულინარიული მუზა“
„ნიუ იორკერი“ საქართველოს შესახებ - „კავკასიის კულინარიული მუზა“

„კავკასიის კულინარიული მუზა“ – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკერი“ (New Yorker) სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალის კორესპონდენტმა, ლორენ კოლინსმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს გაეცნო. სტატიის ქართულ თარგმანსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატია ქართულ კერძებსა და ღვინოს ეძღვნება.

„რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ საქართველო მსოფლიოს უძველესი ღვინის სამშობლოა, სადაც 8 ათასი წლის განმავლობაში მეღვინეობას ეწევიან. აქ თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ღვინოს, რომელიც ტრადიციული მეთოდით ქვევრში ინახება. საქართველო ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, ეს ქვეყანა 500 ადგილობრივი ვაზის ჯიშით გამოირჩევა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული კულინარიის შესახებ.

„დანიელი მზარეული რენე რედზეპი საქართველოს აღწერს, როგორც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კულინარიული კულტურის მქონე ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გააუმჯობესოს. 2018 წელს ადმინისტრაციამ უცხოური მედიის 800 წარმომადგენელს უმასპინძლა და ქვეყნის ტურისტული მიმართულება, კულინარია და ღვინო გააცნო“, – წერს ლორენ კოლინსი.

„ნიუ იორკერის“ (New Yorker) ჟურნალისტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლსაც აღწერს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს მოულოდნელი დახვედრა მოუწყვეს.