„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ირანს მოკლე მანძილზე მფრენი ბალისტიკური რაკეტები ერაყში საიდუმლოდ გადააქვს
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ირანს მოკლე მანძილზე მფრენი ბალისტიკური რაკეტები ერაყში საიდუმლოდ გადააქვს

ირანს ერაყში მოკლე მანძილზე მფრენი ბალისტიკური რაკეტები საიდუმლოდ გადააქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“, აშშ-ის სადაზვერვო და სამხედრო უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თეირანმა ერაყში არსებული ქაოსი ფარული არსენალის შესავსებად გამოიყენა, რითაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დაშინებას და ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

„ახალი სადაზვერვო ინფორმაცია ერაყში ირანის რაკეტების მარაგზე არის ნიშანი, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კომპონენტის გაძლიერებით ირანის შესაკავებლად ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები ძირითადად არაეფექტურია. რაკეტები საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოკავშირეებს და პარტნიორებს რეგიონში, მათ შორის ისრაელს და საუდის არაბეთს და ასევე შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ჯარებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

​ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებმა ორჯერ მიიტანეს იერიში ირანის საკონსულოზე. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ქვეყანაზე ირანის გავლენა იზრდება. მოკლე მანძილზე მფრენი ირანული რაკეტების მოქმედების რადიუსი 600 მილია.