„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პენტაგონმა იორდანიაში ირანის დარტყმების შედეგად ათობით დაშავებული ამერიკელი სამხედროს შესახებ ინფორმაცია დამალა

15:13, 20.07.2026

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პენტაგონმა იორდანიაში ირანის დარტყმების შედეგად ათობით დაშავებული ამერიკელი სამხედროს შესახებ ინფორმაცია დამალა.

გამოცემის ცნობით, გასულ კვირას ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ოთხი თავდასხმა განახორციელა. რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, აღნიშნული თავდასხმების შედეგად ათეულობით ამერიკელი სამხედრო დაშავდა და რამდენიმე ვერტმფრენი დაზიანდა, თუმცა პენტაგონმა ამ თავდასხმებისა და მათი შედეგის შესახებ ინფორმაცია დამალა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ირანის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ გავრცელებულ განცხადებებში აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ აღნიშნა, რომ დარტყმები ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა, თუმცა საერთოდ არ უხსენებია ირანის იერიშები რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზებზე, მათ შორის იორდანიაში. აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო ოფიციალური პირის განმარტებით, ცენტრალური სარდლობა არ არის ვალდებული, გაასაჯაროოს ინფორმაცია დაშავებული სამხედროების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მალევე უბრუნდებიან სამსახურს.

ამას გარდა, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ პენტაგონის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება, შესაძლოა, დაეხმაროს ირანს, უკეთ განსაზღვროს სამიზნეები.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამავე მიზეზით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შეწყვიტა ინფორმაციის გამოქვეყნება ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების რაოდენობის შესახებ, რომლებზეც დარტყმები ხორციელდება. გამოცემა წერს, რომ ირან-აშშ-ის მყიფე ზავის ჩაშლის შემდეგ გასულ დღეებში პენტაგონს თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ომი, უკვე თითქმის ხუთი თვეა, მიმდინარეობს.

პენტაგონის ბოლო მასშტაბური ბრიფინგი ამ ომთან დაკავშირებით მაისის დასაწყისში გაიმართა.

ცნობისთვის, 17 ივლისს ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ერაყში. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს წამოწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ დღემდე დაღუპული ამერიკელი სამხედროების საერთო რაოდენობა 17-ს შეადგენს. პროტოკოლის მიხედვით, დაღუპული სამხედროების ვინაობა საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ცხადდება, რაც ოჯახის წევრებს ოფიციალურად შეატყობინებენ და ამის შემდეგ 24 საათი გავა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედროების სახელები, როგორც წესი, არ არის საჯარო.

18 ივლისის გავრცელებულ განცხადებაში ცენტრალურმა სარდლობამ აღნიშნა, რომ 17 ივლისის თავდასხმისას დაჭრილი ოთხი ამერიკელი სამხედრო იორდანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ისინი უკვე გაწერილები არიან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სხვა ამერიკელმა სამხედროებმაც მიიღეს მსუბუქი დაზიანებები და სამსახურს დაუბრუნდნენ, თუმცა არ დაკონკრეტებულა, რამდენი ადამიანი დაშავდა. ამავე განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმ სამხედროებზე, რომლებიც გასულ კვირას იორდანიაში განხორციელებული სამი წინა თავდასხმის დროს დაშავდნენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, ირანთან მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში 400-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ომის დაწყების შემდეგ პენტაგონი პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას დაშავებული და შემდეგ სამსახურში დაბრუნებული სამხედროების საერთო რაოდენობის შესახებ, თუმცა ბოლო კვირებში ამ მონაცემების განახლება შეწყვიტა.

მსგავსი