„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ შეისწავლა ქალაქ ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებები და დაადგინა, რომ ცხედრები დასახლების ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო. გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ამგვარად, სატელიტური გამოსახულებების ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს. სტატიის მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული.

პუბლიკაციის თანახმად, ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ მათი აღმოჩენის დროს.

ამასთან, 2 აპრილს გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ორი ავტომობილი და ცხედარი. სატელიტური გამოსახულებებიდან გამომდინარეობს, რომ აღნიშნული პირი 20-დან 21 მარტამდე მონაკვეთში მოკლეს.
ქალაქ ბუჩაში გუშინ იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჯერ არ არის შემოწმებული ყველა სახლის სარდაფი და ეზო. მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული.

ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.