„ნიუ-იორკ თაიმსი“ - უკრაინის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი მემორანდუმი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ხმელეთზე, ზღვასა და ცაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მონიტორინგით
უკრაინის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი მემორანდუმი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ხმელეთზე, ზღვასა და ცაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მონიტორინგით.
ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომელიც მედიასაშუალებას ანონიმურობის პირობით ესაუბრა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის მემორანდუმი 22 პირობას მოიცავს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრმა უკრაინული მხარის დოკუმენტი შეაფასა, როგორც „საკმაოდ კარგი“ და „გონივრული“.
როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, კიევში შიშობენ, რომ რუსეთმა, შეიძლება, უკრაინის დელეგაცია ხაფანგში შეიტყუოს კიევისთვის ისეთი მიუღებელი პირობების შეთავაზებით, როგორიცაა მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ძალების გაყვანა, და შემდეგ უკრაინა მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულოს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსულ მხარეს და აშშ-ს მემორანდუმის თავისი ვერსია უკვე გადასცეს. რუსეთში კი ამბობენ, რომ თავიანთ მემორანდუმს წარადგენენ მხოლოდ მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდზე, რის გამოც კიევი კრემლს სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
„ეიბისი ნიუსთან“ საუბრისას კიტ ელოგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით პოტენციურ გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება სამართლიანია. ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც, „ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე“.